კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია
 
ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია
 
ოპერაცია BIOPTICS
 
სიელმე და ამბლიოპია
 
დიაბეტური რეტინოპათია
 
ასაკობრივი მაკულოდისტროფია
 

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია LASIK- მეთოდით. 

LASIK  რქოვანას რეფრაქციული ქირურგიის სახეა, რომლის დროსაც რქოვანას ოპტიკის შეცვლა ხდება.

 


ვინ ირჩევს ლაზერულ კორექციას?

რეფრაქციული ქირურგიას ირჩევს ის, ვისაც არ სურს სათვალის ტარება, ვერ ეგუება კონტაქტურ ლინზებს ან დაბალი მხედველობის გამო შეზღუდულია პროფესიის არჩევაში.

ლაზერულ კორექციას ადამიანი ირჩევს ჩვეული ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ხშირად ბავშვთა ასაკში რეფრაქციული ანომალიების ლაზერულ კორექცია კეთდება პირდაპირი სამედიცინო ჩვენებითაც, რომ არ მოხდეს თვალის ე.წ. "გაზარმაცება" ანუ ამბლიოპიის განვითარება.

სადღეისოდ პაციენტების სულ უფრო მზარდი რაოდენობა იყენებს აღნიშნულ კორექციის მეთოდს ასაკობრივი სათვალისგან გასათავისუფლებლად „მონოვიჟენის“ მეთოდით.

როგორ გავიგო ვარ თუ არა სათანადო კანდიდატი ლაზერული კორექციისათვის?

ლაზერული კორექცია მიზანშეწონილია უმეტესობა ახლომხედველი, შორსმხედველი და ასტიგმატიზმის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია (გარდა შორსმხედველობისა, რომლის დროსაც ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ასაკში, როცა ბავშვს უკვე შეუძლია ოპერატორის მითითებების შესრულება), არ აღენიშნებათ თვალის რაიმე დაავადება, ბადურას პრობლემები, რქოვანას ნაწიბურები.

დღეს უკვე შესაძლებელია ექსიმერული ლაზერით ასაკობრივი საკითხავი სათვალის მოხსნაც. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ან კოსმეტიკური თვალსაზრისით საკმარისი მოტივაცია უნდა ჰქონდეს ამ ოპერაციის ჩასატარებლად. სრული გამოკვლევის შემდეგ კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგი შეძლებს ზუსტი პასუხი გასცეს თქვენს ყველა კითხვას და მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა შედეგს შეიძლება ელოდეთ ამ ოპერაციისაგან, რამდენადაც ექსიმერლაზერული კორექცია ლასიკის მეთოდით პროგნოზირებადია ამეტროპიის რა დიაპაზონში შესაძლოა კორექციის ჩატარება?

ექსიმერული ლაზერით "LASIK"-ის მეთოდით ხდება ახლომხედველობის (-12.0 დიოპტრიამდე) და შორსმხედველობის (+6,0 დიოპტრიამდე) კორექცია.


რა დრო სჭირდება ოპერაციას?

ლასიკი ტარდება ამბულატორიულად, თითოეულ თვალს 3-5 წუთი სჭირდება მთლიანად, ხოლო თვით პროცედურა სულ რამდენიმე (20-40) წამი გრძელდება.


რამდენ ხანს გრძელდება ლასიკის ეფექტი?

ის რაც რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში (1-3 თვე) მიიღება, მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნდება.


დამჭირდება თუ არა საკითხავი სათვალე ოპერაციის შემდეგ?

როგორც წესი, ოპერაციის შემდეგ 40 წლამდე ასაკის პაციენტები უსათვალოდ კითხულობენ, მათ 40 წლის შემდეგ დასჭირდებათ საკითხავი სათვალე ისე, როგორც ყველა ემეტროპ (ნორმალური ოპტიკის მქონე) ადამიანს, თუმცა შეიძლება ე.წ. მონოვიჟენის მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც ერთი (წამყვანი) თვალის კორეგირება ხდება შორისათვის (ანუ სრულად), ხოლო მეორე თვალზე შეგნებულად ტოვებენ სათანადო ხარისხის მიოპიურ რეფრაქციას (ახლომხედველობის შემთხვევაში) ან ოპერაციულად ხდიან თვალს ახლომხედველს (შორსმხედველობის შემთხვევაში) რათა პაციენტს არც შორს და არც ახლოს სათვალე არ დასჭირდეს.


რამდენჯერ დამჭირდება ოპერაციის შემდეგ კლინიკაში მოსვლა გასასინჯად?

პაციენტებს ჩვეულებრივ ვიბარებთ ოპერაციის მეორე დღეს, ერთი, სამი, ექვსი და თორმეტი თვის შემდეგ. იშვიათად ხდება, როცა პაციენტს მეტი ვიზიტი სჭირდება. ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიიღოთ პასუხი თქვენთვის საჭირო კითხვაზე.


ოპერაციიდან რამდენი ხნის შემდეგ შემეძლება დაბანა ან შხაპის მიღება?

დაბანა მეორე დღესვე შეგიძლიათ, ოღონდ უნდა ეცადოთ თვალში საპნიანი ან შამპუნიანი წყალი არ მოხვდეს. ასევე უნდა ერიდოთ თვალების მოსრესას და სიგარეტით გაკვამლულ სივრცეში ყოფნას ერთი თვის განმავლობაში,


როდის შევძლებ საჭესთან დაჯდომას?

თქვენ არ უნდა დაჯდეთ საჭესთან ოპერაციის დღეს. შემდეგ კი ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მხედველობა ამის საშუალებას გაძლევთ.


როდის შემიძლია მაკიაჟის ხმარება?

ერთი თვე მისგან თავის შეკავება მოგიწევთ.


როდის შემიძლია განვაგრძო ვარჯიში?

თუ სპორტის ე.წ. არაკონტატურ სახეობას მისდევთ, შეგიძლიათ ვარჯიში ნებისმიერ დროს განაახლოთ, როგორც კი თავს ამისათვის მზად იგრძნობთ. პირველი 3 თვის განმავლობაში შედარებით საფრთხილოა სპორტის ის სახეობანი, რომელსაც თვალის ტრავმა შეიძლება მოჰყვეს. ამ უკანასკნელ შემთხვევებში დამცავი სათვალის ხმარება ყოველთვის საჭიროა. იგივე შეიძლება ითქვას აუზში, ზღვაზე ან მდინარეში ბანაობაზე.


როგორი გაუტკივარება გამოიყენება ოპერაციისას?

მხოლოდ წვეთების ინსტილაცია თვალში, არავითარი ინექციები ან ზოგადი ნარკოზი.


შესაძლებელია თუ არა ორივე თვალის ერთად ოპერირება?

როგორც წესი, ორივე თვალის ოპერაცია ერთად კეთდება, თუ ეს პაციენტის სურვილს არ ეწინააღმდეგება.


მტკივნეულია თუ არა ეს პროცედურა?


ლასიკის პროცედურა სავსებით უმტკივნეულოა, თქვენ შეიძლება გქონდეთ თვალზე შეხების შეგრძნება ოპერაციის დროს, მაგრამ არა ტკივილი. ოპერაციის შემდეგ ხშირადაა თვალში უცხო სხეულის, წვის შეგრძნება, ცრემლდენა. ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ოპერაციის შემდეგ 6-8 საათი გრძელდება.


ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში აღდგება მხედველობა?

ეს დამოკიდებულია თქვენი რეფრაქციის მანკზე და მეტნაკლებად ინდივიდუალურია. ახლომხედველობის შემთხვევაში პაციენტები მეორე დღესვე კარგად ხედავენ, თუმცა უჩივიან მცირე ბუნდოვნებას. დროთა განმავლობაში მხედველობის ხარისხი თანდათანობით უმჯობესდება. შორსმხედველობის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი შედარებით გრძელია და ერთიდან სამ თვემდე გრძელდება.


დამჭირდება თუ არა თვალების ახვევა?

არა, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში გარეთ საჭირო იქნება მზის დამცავი სათვალის ტარება.


როდის შემეძლება სამუშაოზე გასვლა?

პაციენტთა უმრავლესობას მეორე დღესვე შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაოს. ჩვენ შეგნებულად ვატარებთ ოპერაციებს კვირის ბოლოს, რათა პაციენტებმა თავისუფლად შეძლონ ახალი სამუშაო კვირის უპრობლემოდ დაწყება.


დამჭირდება თუ არა სათვალე ან კონტაქტური ლინზები ლასიკის შემდეგ?

რეფრაქციული ქირურგიის მიზანი, უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ პაციენტები გაათავისუფლოს სათვალის ან ლინზების საჭიროებისაგან. ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ასაკობრივი სათვალე, თუ ის ე.წ. მონოვიჟენს არ ირჩევს.


რა ღირს ლაზერული ქირურგია, არის თუ არ ის ჩემთვის მისაწვდომი?

ლაზერული ქირურგიის ფასი მცირე არ არის; თუმცა თუ შევადარებთ წლების განმავლობაში საჭირო სათვალეების ან კონტაქტური ლინზების, ან თუნდაც საზღვარგარეთ იგივე ოპერაციის ფასს, ის უფრო ეკონომიურია. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის პაციენტებისათვის მოქმედი შეღავათები.


შეიძლება დავბრმავდე ამ პროცედურის შემდეგ?

ექსიმერული კორექცია ლასიკის მეთოდით თითქმის 20 წელია რაც გამოიყენება. მსოფლიოში გაკეთებულია რამდენიმე მილიონი ოპერაცია და ჯერ არცერთი პაციენტი დაბრმავებულა.


ყველაზე ცუდი რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ლაზერულ პროცედურას?

- ინფექცია, ამის შანსი მატულობს იმ პაციენტებში, რომლებიც არ ასრულებენ ექიმის მითითებებს და უგულვებელყოფენ იმ მცირე შეზღუდვებს, რასაც ლაზერული პროცედურა ითვალისწინებს. ინფექციების უმრავლესობა წარმატებით ინკურნება მოკლე დროში სათანადო და დროული მკურნალობისას.


რამდენ ხანს დამჭირდება წვეთების ჩაწვეთება?

ლაზერული პროცედურის შემდეგ თვალის სიმშრალე ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომაც პაციენტებს ცრემლის შემცვლელების წვეთება სჭირდებათ. ეს ინდივიდუალურია და შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.


თუ ლაზერული კორექცია უსაფრთხოა, რატომ არ იკეთებენ მას თვითონ ექიმები?


მსოფლიოში მრავალ ოფთალმოლოგს თავად აქვს გაკეთებული ეს ოპერაცია, ჩვენს კლინიკაში ექ. ნინო თავბერიძემ და პროფ. მერაბ დვალმა თავად მიმართეს ექსიმერ-ლაზერულ კორექციას მონოვიჟენის მეთოდით, რათა სამუდამოდ დამშვიდობებოდნენ საკითხავ სათვალეს.

 

.

 

 

 

პროფესორი დვალი ოპერაციამდე, კითხულობს სათვალით