კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია
 
ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია
 
ოპერაცია BIOPTICS
 
სიელმე და ამბლიოპია
 
დიაბეტური რეტინოპათია
 
ასაკობრივი მაკულოდისტროფია
 

 

როგორ ვუმკურნალოთ კატარაქტას?

კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ საშუალებას ქირურგიული ოპერაცია წარმოადგენს.

კატარაქტის სამკურნალოდ თვალის წვეთების გამოყენება ან რაიმე პრეპარატების მიღება (აბების და კაფსულების სახით) მიზანშეწონილი არ არის.

როდის უნდა გაკეთდეს კატარაქტის ოპერაცია?

თუ მხედველობის დაქვეითება  ხელს  გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში (ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მუშაობა, კითხვა, ტელევიზორის ყურება და სხვ.) ექიმთან ერთად გადაწყვიტეთ ოპერაციის გაკეთების ვადები.

ადრე არსებული მოსაზრება, ოპერაციის გასაკეთებლად კატარაქტის „მომწიფების“ აუცილებლობის შესახებ მცდარია. დაავადების ადრეულ ეტაპზე ოპერაციის ჩატარება ქირურგისთვის უფრო ადვილია და უკეთეს შედეგს იძლევა.

როგორ კეთდება კატარაქტის ოპერაცია?

ჩვენს კლინიკაში კეთდება კატარაქტის ე.წ. „უნაკერო“ ოპერაცია, ყველაზე თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდით. ქირურგიული მკურნალობის ამ მეთოდს ჰქვია კატარაქტის ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით.

ზოგ შემთხვევაში (თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე) საჭიროა კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქციის ანუ „ნაკერიანი“ ოპერაცის გაკეთება, რომელიც საბოლოოდ (2.5 – 3.0 თვეში) იძლევა ფაკოემულსიფიკაციის მსგავს შედეგს.

როგორ კეთდება კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია?

ჩვენს კლინიკაში, კატარაქტის ექსტრაქცია ფაკოემულსიფიკაციის ულტრაბგერითი მეთოდით, ყველაზე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით წარმოებს.

ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად, გრძელდება 15–20 წუთი, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ზედმეტად ემოციური პაციენტებისთვის შესაძლოა დამატებით გამოყენებული იქნეს მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები, ხოლო ზოგადი გაუტკივარება ბავშვებში.

კატარაქტის „უნაკერო“ ფაკოემულსიფიკაციის დროს რქოვანას კიდეზე კეთდება 2–3 მმ ზომის განაკვეთი, რომლიდანაც მცირე ზომის ულტრაბგერითი ბუნიკის საშუალებით ხდება შემღვრეული ბროლის დაშლა და დაქუცმაცებული მასების თვალიდან მოცილება (სურ. 1). არსებული განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოთი (ინჟექტორით) წარმოებს კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია (სურ. 2) და ფიქსაცია  ამოღებული, შემღვრეული ბროლის ადგილზე (სურ. 3). ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია 1–2 საათში წავიდეს სახლში. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი უმეტეს შემთხვევაში ხანმოკლეა (1–5 დღე), რის შემდეგაც პაციენტი განაგრძობს მისთვის ჩვეულ ყოფით საქმიანობას. იმპლანტირებული ხელოვნური ბროლი რჩება თვალში მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

 

როგორ კთდება კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია?

კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქციის დროს რქოვანას კიდეზე კეთდება 7–9 მმ ზომის განაკვეთი, რომლიდანაც ხდება ბუნებრივი, შემღვრეული ბროლის ამოღება და მისი მყარი ხელოვნური ბროლით შეცვლა. განაკვეთზე იდება რამოდენიმე ნაკერი, რაც ოდნავ ახანგრძლივებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს (2.5 – 3.0 თვე). ხელოვნური ბროლი რჩება თვალში მთელი ცხოვრების განმავლობაში ბუნებრივი ბროლის ადგილზე. ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია 1–2 საათში წავიდეს სახლში.

შეიძლება თუ არა კატარაქტის ოპერაციის გაკეთება ორივე თვალზე ერთდროულად?

რეკომენდებული კატარაქტის ოპერაცია გაკეთდეს ჯერ ერთ (უარესად მხედველ) თვალზე და 4–8 კვირის შემდეგ – მეორეზე.

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი და რა შეზღუდვები არსებობს?

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში (4 დღე) პაციენტი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებს ნაოპერაციებ თვალში წვეთების ჩაწვეთებას ექიმის დანიშნულების მიხედვით (დაახლოებით 5 კვირა).

საკითხი ნაკერების მოხსნის შესახებ კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქციის შემთხვევაში წყდება ქირურგის მიერ ინდივიდუალურად, 2–3 თვის შემდეგ.

ოპერაციის შემდეგ, პირველი თვის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას.

ხელოვნური ბროლი ოპტიკური და ფუნქციური პარამეტრებით უახლოვდება ადამიანის ბროლს და არ საჭიროებს შეცვლას ან სპეციალურ მოვლას მთელი ცხოვრების მანძილზე.

ოპერაციიდან რამდენ ხანში აღდგება მხედველობა?

პაციენტს ნაოპერაციებ თვალზე რამოდენიმე დღე აღენიშნება სიწითლე, სინათლის შიში, მცირე ცრემლდენა, ქავილის და უმნიშვნელო წვის შეგრძნება. გუგის გასაფართოვებელი საშუალებების გამოყენების ფონზე მხედველობის სიმახვილე შეიძლება ოდნავ დაბალი იყოს (ბურუსის შეგრძნება). აღნიშნული მოვლენები თანდათან მცირდება და მხედველობა უმჯობესდება. იმ შემთხვევაში თუ ადგილი არ აქვს თვალის სხვა დაზიანებებს (ბადურას პრობლემები, გლაუკომა და სხვ.) მხედველობა უმჯობესდება დაახლოებით 50–100 % – მდე, 5–7 დღეში.

მახვილი მხედველობის მისაღებად შორ ან ახლო მანძილზე პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სუსტი ხარისხის სათვალე.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას?

მაღალტექნოლოგიური საშუალებების და თანამედროვე აპარატურის გამოყენება საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის დროს და შემდგომ მოსალოდნელი გართულებების რისკი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სტატისტიკის მიხედვით შემთხვევათა 0.1–0.3%–ში ოპერაციას შეიძლება დაერთოს სხვადასხვა გართულებები: თვალშიგა ინფექცია, ანთებითი პროცესი და გუგის არეში აპკის გაჩენა, რქოვანას შეშუპება და/ან დანისვლა, სისხლჩაქცევები და/ან შემღვრევები მინისებრ სხეულში, ხელოვნური ბროლის დისლოკაცია, ჭრილობის გახსნა, გუგის დეცენტრაცია და ფორმის შეცვლა, თვალშიგა წნევის მომატება, ბადურა გარსის ჩამოცლა, მხედველობის ნერვის ანთება, მისი შეშუპება და/ან ატროფია, ქუთუთოს პტოზი.

რა არის „მეორადი კატარაქტა“?

კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებში) ვითარდება ე.წ. „მეორადი კატარაქტა“, როგორც წესი ოპერაციიდან 6–12 თვის შემდეგ, რაც წარმოადგენს მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითების მიზეზს,  ხელოვნური ბროლის უკან არსებული აპკის (უკანა კაფსულის) დანისვლის გამო.

მკურნალობა საკმაოდ მარტივია და ხორციელდება სპეციალური YAG-ლაზერის საშუალებით (YAG-ლაზერით კაფსულოტომია), ამბულატორიულად, 1–3 წუთის განმავლობაში ექიმი ლაზერის სხივით ხვრეტს შემღვრეულ უკანა კაფსულას და ჩატარებული მკურნალობიდან 1.5 – 2.0 საათში მხედველობის სიმახვილე აღდგება.

 

 

YAG-ლაზერით კაფსულოტომია წარმოადგენს აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურას.

როგორ შევარჩიოთ ხელოვნური ბროლი?

თვალის ხელოვნური ბროლი წარმოადგენს 5–6 მმ დიამეტრის ოპტიკურ ლინზას საფიქსაციო ელემენტებით. ფაკოემულსიფიკაციის დროს 2–3 მმ ზომის განაკვეთიდან ინერგება კუმშვადი ბროლი შეკუმშულ (დაკეცილ) მდგომარეობაში, რომელიც თვალში იშლება და ფიქსირდება ბროლის უკანა კაფსულაზე.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ქიმიურად წმინდა და მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული ხელოვნური ბროლები (ინტრაოკულური ლინზები - IOL), წარმოებული აშშ–ში, ინგლისში და გერმანიაში. როგორც წესი, ხელოვნური ბროლი თვალში ინერგება კატარაქტის ოპერაციის დროს ბუნებრივი ბროლის ადგილზე.

არსებობს ხელოვნური ბროლების რამდენიმე ტიპი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს მისი პროფესიიდან და სურვილებიდან გამომდინარე აირჩიოს ინტრაოკულური ლინზა ექიმთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ხელოვნური ბროლის ოპტიკური ძალის ზუსტი გამოთვლა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება დამატებით სპეციალური იმერსიული ექობიომეტრიის საშუალებით. 

ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მაღალი ხარისხის, სხვადასხვა ტიპის ხელოვნურ ბროლებს, რომლებსაც მიეკუთვნება:

  • სტანდარტული IOL: მონოფოკალური, ასფერული
  • განსაკუთრებული (პრემიუმ) IOL: მულტიფოკალური, ფსევდოაკომოდაციური და ტორიული

მონოფოკალური, ასფერული ინტრაოკულური ლინზა საშუალებას აძლევს პაციენტს მიიღოს საოპერაციო თვალისთვის შესაძლო მაქსიმალური მხედველობა უსათვალოდ მხოლოდ შორ ან ახლო მანძილზე. შესაბამისად თუ პაციენტს სურს ოპერაციის შემდეგ კარგად ხედავდეს შორს, მას დასჭირდება სათვალის ხმარება ახლო მანძილზე მუშაობისთვის, კითხვისთვის და პირიქით.

 

  • Visionflex (Albomed, Germany) წარმოადგენს ჰიდროფილურ, აკრილისგან დამზადებულ, კუმშვად მონოფოკალურ ხელოვნურ ბროლს, რომელიც გამოირჩევა თვალის ქსოვილებთან მაღალი ბიოთავსებადობით.
  • AcrySof IQ (Alcon, USA) წარმოადგენს ჰიდროფობურ, აკრილისგან დამზადებულ, კუმშვად მონოფოკალურ, ასფერულ ხელოვნურ ბროლს, ყვითელი ფილტრით, რაც ამცირებს ბადურაზე სინათლის ლურჯი სპექტრის სხივების მოხვედრას და ბევრი მკვლევარის აზრით აქვეითებს მაკულას ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების რისკს.
  • Adapt AO (B+L, USA) წარმოადგენს ჰიდროფილურ, აკრილისგან დამზადებულ, კუმშვად მონოფოკალურ, ასფერულ ხელოვნურ ბროლს ნულოვანი აბერაციებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მხედველობის ხარისხის გაუმჯობესება.
  • Superflex (Reyner, UK) წარმოადგენს ჰიდროფილურ, აკრილისგან დამზადებულ, კუმშვად მონოფოკალურ, ასფერულ ხელოვნურ ბროლს ნულოვანი აბერაციებით, რომლის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, შეამციროს მეორადი კატარაქტის განვითარების რისკი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მონოფოკალურ ბროლებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი ფოკუსური მანძილი (შორს ან ახლოს), მათი გამოყენებითაც შესაძლებელია ორმხრივი კატარაქტით დაავდებული პაციენტი, სრულებით  განთავისუფლდეს სათვალის ტარებისგან. ამ მეთოდს ეწოდება „მონოვიჟენი“ (monovision), რომელიც გულისხმობს, ერთი თვალის კორექციას შორ მანძილზე, ხოლო მეორე თვალის კორექციას ახლო მანძილზე სამუშაოდ (საკითხავად). ოპერაციის შემდგომ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დროებითი მხედველობითი დისკომფორტი (რთულია საგნებამდე მანძილის ზუსტი აღქმა და სიღმის შეგრძნება), თუმცა ნეიროადაპტაციის პერიოდი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია და გრძელდება 2–6 თვე.

მულტიფოკალური ინტრაოკულური ლინზის გამოყენებით პაციენტი მიიღებს მაღალ მხედველობას ერთდროულად შორ, საშუალო (70–80 სმ) და ახლო (30 სმ) მანძილზე. მულტიფოკალური ბროლის იმპლანტაცია სასურველია ჩატარდეს ორივე თვალზე დაახლოებით 3–6 კვირის ინტერვალით. ასეთი ტიპის ინტრაოკულური ლინზების იმპლანტაცია მიუღებელია რქოვანას გამოხატული ასტიგმატიზმის არსებობისას. მულტიფოკალური ბროლის მაღალი ეფექტურობა განისაზღვრება პაციენტის საფუძვლიანი მოტივაციით, მკაცრი ჩვენებებით, ლინზის ოპტიკური ძალის ზუსტი განსაზღვრით და ოპერაციის დროს მისი სწორი ცენტრირებით, ოპერაციის შემდგომი გართულებების პრევენციით და პაციენტის ცენტრალური ნერვული სისტემის ადაპტაციით ამ ახალ ოპტიკურ სისტემასთან.

 

  • AcrySof IQ ReSTOR (Alcon, USA) წარმოადგენს მულტიფოკალურ ბროლს ყვითელი ფილტრით. ფართოდ გამოიყენება 2005 წლიდან. აღნიშნული ბროლის იმპლანტაცია საქართველოში პირველად გამახორციელა პროფ. მერაბ დვალმა 2006 წელს. სადღეისოდ ჩატარებულია ასამდე ოპერაცია მულტიფოკალური ბროლით, უმეტეს შემთხვევაში დადებითი შედეგით.

 

ფსევდოაკომოდაციური ინტრაოკულური ლინზის საშუალებით ასევე შესაძლებელია შორ და საშუალო მანძილზე სათვალის გარეშე მაღალი მხედველობის მიღება. აღნიშნული ბროლით ზოგ შემთხვევაში საჭიროა სათვალის ხმარება ახლო მანძილზე სამუშაოდ.

 

  • Crystalens (B+L, USA) წარმოადგენს აკომოდაციურ ბროლს, რომელსაც გააჩნია მონოფოკალური ოპტიკური და ძლიერ დრეკადი, მოძრავი საფიქსაციო ნაწილები, რაც ბროლს საშუალებას აძლევს გადაადგილდეს თვალში და ამით მოახდინოს სხვადასხვა მანძილზე გამოსახულების ფოკუსირება. Crystalens HD შეიქმნა 2008 წელს. მისი იმპლანტაცია ამიერკავკასიაში პირველად განახორციელა პროფ. მერაბ დვალმა 2009 წელს. ამ სახის ჩატარებული ოპერაციების საშუალებით პაციენტთა უმრავლესობა დღის უმეტეს მონაკვეთში განთავისუფლდა სათვალის ხმარებისგან.

 

ტორიული ინტრაოკულური ლინზით შესაძლებელია დამატებით მოხდეს რქოვანას ასტიგმატიზმის კორექცია.

 

  • AcrySof IQ Toric (Alcon, USA) წარმოადგენს ტორიულ, აკრილისგან დამზადებულ, ასფერულ ინტრაოკულურ ლინზას ყვითელი ფილტრით.

 

ყველა განსაკუთრებული ხელოვნური ბროლის (Premium IOL) გამოყენების მიზანია სათვალის მოხსნა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს მიუღწევადია სხვადასხვა მიზეზის გამო.

ამრიგად, თუ თქვენი მხედველობის დაქვეითების მიზეზი კატარაქტაა, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას და ინტრაოკულური ლინზების ფართო არჩევანს.

გისურვებთ წარმატებას მკურნალობაში !