კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

რა არის მიოპია?

მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როცა ახლომხედველი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, მკაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი - ბუნდოვნად.

ნორმალურად მხედველი თვალის სიგრძე ზრდასრულ ასაკში 23–24 მმ–ია (თვალის კაკალი იზრდება 18 წლამდე) და მხედველობა მკაფიოა, როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე. ნორმალური მხედველობის დროს, თვალისაკენ მიმავალი სინათლის პარალელური სხივები გაივლის რა თვალის გამჭვირვალე ოპტიკურ არეებს (რქოვანა, წყალწყალა ნამი, ბროლი, მინისებრი სხეული) გარდატყდება და იკრიბება ბადურა გარსზე, შესაბამისად, მიღებული გამოსახულება მკაფიოა.

მიოპიის დროს კი თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის ძალაა მომატებული, ამიტომ თვალში შემავალი სინათლის სხივები გარდატყდება და იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რის გამოც მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია. 

არჩევენ სუსტი, საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპიას.

რა იწვევს მიოპიას?

მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. მიოპიის გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკური განწყობა
  • ახლო მანძილზე ხანგრძლივად მუშაობა და გადაძაბვა

ახლომხედველობა ძირითადად ვითარდება და ვლინდება სასკოლო ასაკში (6–8 წლის ასაკიდან). მისი პროგრესირება შესაძლებელია 18 წლამდე, სანამ თვალის ზრდა დასრულდება.

რა სიმტომები აქვს მიოპიას?

ახლომხედველი ცუდად ხედავს შორს, უჭირს დაფაზე წაკითხვა, სამარშრუტო ტაქსების ნომრების გარჩევა, ტელევიზორის ყურება, ავტომობილის მართვა და ა.შ. ხანგრძლივად კითხვა იწვევს თავის ტკივილს, თვალების დაღლას და ზეწოლის შეგრძნებას, ტკივილებს თვალის გარშემო და საფეთქლის არეში. შორს მდებარე საგნების მკაფიოდ და გარკვევით დანახვის მიზნით მიოპი თვალებს ჭუტავს. მიოპიას ხშირად თან ერთვის გარეთა სიელმე.

როგორ ხდება მიოპიის დიაგნოსტირება?

მიოპიის დიაგნოსტირება შესაძლებელია ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევით.

რა გართულებები აქვს მიოპიას?

მაღალი ხარისხის პროგრესირებადი მიოპიის დროს, როცა თვალის კაკალი გრძელია, შესაძლებელია თვალის სტრუქტურებში განვითარდეს სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები, რაც ზოგ შემთხვევაში ხდება მხედველობის ძლიერი დაქვეითების მიზეზი. 

მიოპიის გართულებებს მიეკუთვნება:

  • მინისებური სხეულის დესტრუქცია
  • ქორიოიდეას და ბადურას დეგენერაციულ–ატროფიული ცვლილებები
  • ბადურა გარსის ნახეთქები და ჩამოცლა

ახლომხედველებს, რომლებსაც თვალის კაკალი გრძელი აქვთ და დიდია ზემოთ აღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების განვითარების რისკი, ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, ტრავმული სპორტით დაკავება, ბუნებრივი გზით მშობიარობა.

ახლომხედველებისთვის რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება წელიწადში 2–ჯერ, აღნიშნული გართულებების გამოსარიცხად და საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობის ჩატარების მიზნით.

მიოპიის პროფილაქტიკის რა საშუალებები არსებობს?

პროფილაქტიკა მიზნად ისახავს მიოპიის განვითარების აცილებას და მის პროგრესირებასთან ბრძოლას. რეკომენდებულია განათებულ ოთახაში სწორად ჯდომა და კითხვა თვალიდან 30-40 სმ–ის დაშორებით, შემდეგ კი 10-15 წუთიანი დასვენება. სასურველია ცურვა და ტანვარჯიში.

მიოპიის გამოსავლენად სკოლაში შესვლამდე და შემდეგ, პერიოდულად საჭიროა ბავშვთა რეფრაქციის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სათვალის შერჩევა და ოფთალმოლოგის სისტემატური მეთვალყურეობა.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიოპიის პროგრესირების დროს კეთდება ოპერაცია - სკლეროპლასტიკა ანუ თვალის უკანა სეგმენტის გამაგრება ჰომოტრანსპლანტატით.

როგორ ხდება მიოპიის კორექცია?

კლინიკა „ახალ მზერას“ რეფრაქციული ანომალიების თანამედროვე მეთოდებით კორექციის დიდი გამოცდილება გააჩნია.

მიოპიის კორექცია შესაძლებელია:

  • სათვალით
  • კონტაქტური ლინზებით
  • ლაზერით (მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია ლასიკის მეთოდით LASIK)
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია
  • BIOPTIC–ის მეთოდით (რაც გულისხმობს ლაზერული კორექციისა და ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციის კომბინაციას)