კატარაქტა
 
გლაუკომა
 
კერატოკონუსი
 
მშრალი თვალის სინდრომი
 
მიოპია_
 
ჰიპერმეტროპია_
 
ასტიგმატიზმი_
 
სიელმე და ამბლიოპია_
 

 

         სიელმე თვალების ისეთი მდებარეობაა, როდესაც მათი მხედველობის ღერძები საფიქსაციო საგანზე არ გადაიკვეთება - ერთი თვალის მხედველობის ხაზი საფიქსაციო საგნისაკენაა მიმართული, მეორე თვალის მხედველობის ხაზი კი ამ საგანს გვერდით უვლის. სიელმის დროს ადგილი აქვს ორი თვალით ხედვის უნარის დარღვევას, ამას ყველაფერს თან ერთვის კოსმეტიკური დეფექტიც. ადამიანები რიმელთაც სიელმე აქვთ, გარკვეულწილად შეზღუდულები არიან პროფესიულ არჩევანში.

სიელმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), მიოპია (ახლომხედველობა), ასტიგმატიზმი (რქოვანის არასწორი ფორმა), დაავადებები, რომლებიც იწვევენ სიბრმავეს ან მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას ცალ თვალზე. აღნიშნული დარღვევები ზეგავლენას ახდენენ ბავშვებში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მხედველობის ორგანოზე და უარყოფოთი ფაქტორების (ინფექციური დაავადებები, სტრესი, მხედველობითი გადაღლა) ზემოქმედებისას ყალიბდება სიელმე.

მსგავსი გარეგნული გამოვლინებების მიუხედავად არსებობს სიელმის 20-ზე მეტი სახე. პირველ რიგში გამოყოფენ თანდაყოლილ და შეძენილ სიელმეს.
თანდაყოლილი სიელმის მიზეზი, როგორც წესი, არის: ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები, ჰიდროცეფალია, მაღალი ქალასშიდა წნევა, სამშობიარო ტრავმა, დღენაკლულობა ან სისტემური დარღვევები ბავშვის ორგანიზმში, ის ასევე შეიძლება განპირობებული იყოს თვალის ოპტიკის ანომალიებით - მაღალი ან საშუალო ხარისხის ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი, თანდაყოლილი მიოპია.
შეძენილი სიელმე უპირატესად 1,5-3 წლის ასაკში ვლინდება და ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს ინფექციური დაავადებების (წითელა, წითურა , გრიპი) გადატანის შემდეგ.

სიელმის ძირითადი სახეობებია შეუღლებული და პარალიზური. ისინი განსხვავედებიან როგორც კლინიკური გამოვლინებით, ისე წარმოშობის მექანიზმით.
შეუღლებული სიელმე - მხედველობის ორგანოს ერთერთი ხშირი პათოლოგიაა ბავშვთა ასაკში. იგი ხშირად ვლინდება 3 წლის ასაკიდან. ხასიათდება როგორც თვალის გადახრით, ისე ორივე თვალით ხედვის უნარის დარღვევით. ლიტერატურული მონაცემებით ამ სახის სიელმე ბავშვების 1,5-2,0 % ში გვხვდება.
შეუღლებული სიელმის დროს თვალის მამოძრავებელი კუნთების ფუნქცია არ არის დარღვეული. ამ დროს ერთერთი თვალი არის საფიქსაციო, მეორე კი გადახრილი.

რაც შეეხება პარალიზურ სიელმეს, იგი განპირობებულია თვალის მამოძრავებელი ერთი ან რამდენიმე კუნთის დაზიანებით, ეს დეფექტი კომპენსირდება თავის იძულებითი მდებარეობით, რაც ქმნის შედარებით ხელსაყრელ პირობებს ორივე თვალით ერთდროულად ხედვისთვის. გამომწვევი მიზეზები: ტრავმა, სიმსივნე, ინფექცია.

შეუღლებული და პარალიზური სიელმის გარდა თვალის გადახრის მიმართულების მიხედვით ასევე გამოყოფენ შემდეგი სახის სიელმეებს: შიგნითა (როდესაც თვალი გადახრილია ცხვირისკენ), გარეთა (როდესაც თვალი გადახრილია საფეთქლისკენ) და ვერტიკალური (როდესაც თვალი მიმართულია ზევით ან ქვევით) შეუღლებულ სიელმის დროს შიგნითა სიელმე გვხვდება შემთხვევათა 70-80%, გარეთა კი 15-20%-ში.

გადახრის ხასიათის მიხედვით:  მონოლატერალური (ელამია ერთიდაიგივე თვალი), ალტერნირებადი (ხან ერთი, ხან მეორე თვალის მონაცვლეობითი სიელმე)


მონოლატერალური შეუღლებული სიელმის დროს მუდმივად რომელიმე ერთი თვალის გადახრის შედეგად ყალიბდება ზარმაცი თვალი. ალტერნირებული შეუღლებული სიელმის დროს კი ვინაიდან სიელმე მონაცვლეობს, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პათოლოგია არ ვითარდება
.

აკომოდაციური ეწოდება სიელმეს, როდესაც თვალების დგომა სწორდება სათვალეში. ამ სახის სიელმის დროს ხშირად პაციენტები ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ. არსებობს ნაწილობრივ აკომოდაციური (სათვალით სიელმის კუთხე ნაწილობრივ სწორდება) და არააკომოდაციური სიელმე (სათვალით სიელმე არ სწორდება). იმ შემთხვევაში, თუ სიელმე სათვალით სწორდება, შესაძლოა რეფრაქციული მანკის კორექცია ექსიმერ-ლაზერული ოპერაციით, შესაბამისად მხედველობის პრობლემაც მოიხსნება და სიელმეც გასწორდება. 

სიელმე ასევე შეიძლება იყოს მუდმივი და პერიოდულად გამოვლინებადი.
შეუღლებული სიელმის მკურნალობის მიზანია ორივე თვალით ერთდროულად ხედვის უნარის აღდგენა. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ პირობებში ხდება მხედველობითი ფუნქციის აღდგენა და თვალის გადახრის კუთხის გასწორება. სიელმის სამკურნალოდ მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს: ოპტიკური კორექცია, პლეოპტიკური მკურნალობა (ზარმაცი თვალის მკურნალობა), ორთოპტო-დიპლოპტიური მკურნალობა (ორივე თვალით ერთდროულად ხედვისთვის წარმოებული სამკურნალო ღონისძიება) და ბოლოს, ქირურგიული მკურნალობა.
კონსერვატული მკურნალობა საკმაოდ ეფექტური მეთოდია, თუმცა შედეგს მხოლოდ 13 წლამდე ასაკში იძლევა. უფრო მოზრდილ ასაკში აუცილებელი ხდება ქირურგიული მკურნალობა.

სიელმის ოპერაციული მკურნალობის არსი მდგომარეობს თვალების სიმეტრიულობის აღდგენაში კუნთების ბალანსის შეცვლის ხარჯზე: ერთი რომელიმე კუნთის მოქმედების გაძლიერებით და მეორე კუნთის მოქმედების შესუსტებით.

ვინაიდან შეუღლებული სიელმე ძირითადად 3 წლის ასაკიდან ვლინდება, ძირითადად ქირურგიული ჩარევის ასაკი 4-6 წელია. სიელმის თანდაყოლილი ფორმების შემთხვევაში, სიელმის დიდი კუთხისას, ოპერაცია რეკომენდებულია უფრო ადრეულ (2-3 წლის) ასაკში.